"კრიშნას ცნობიერების საზოგადოება" თბილისი
ლია დეკანაძე
ჩემი პირველი და დაუვიწყარი სტუმრობა თბილისში მდებარე "კრიშნას ცნობიერების ცენტრში", რომელიც ამავდროულად საკულტო ტაძარია, უკავშირდება ერთ განსაკუთრებულ ქალბატონს- ლუიზა ნიაზიანს. დიდუბიდან ავჭალის მიმართულებით ჩვენ ერთად გავიარეთ ის გზა, რომელსაც 90-იან წლებში ქალბატონი ლუიზა ფეხით დღეში ორჯერ გადიოდა დილის და საღამოს ღვთისმსახურების შესასრულებლად. ქალბატონი ლუიზა იმ გზაზე მიყვებოდა, რომელიც ინდუიზმის საფუძველზე წარმოშობილმა ახალმა რელიგიურმა მიმდინარეობამ "ვაიშნავიზმმა" გაიარა. ჩემთვის ეს თემა იმდენად ახალი და საინტერესო აღოჩნდა, ვერც კი შევამჩნიე, როდის მივადექით აშრამს.



შესასვლელში ფეხსაცმელები გავიხადეთ და დიდ ოთახში შევედით, სადაც საკვირაო ლექცია უკვე დაწყებული იყო. ლექციას ესწრებოდნენ "კრიშნას ცნობიერების" როგორც ქართველი, ასევე უცხოელი წარმომადგენლები. ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანებული სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთა საზოგადოება მეტად ჭრელი და მრავალფეროვანი იყო. მათ შორის საოცარი ერთსულოვნება, პატივისცემა და სიყვარული დავინახე.
მრევლი მეც განსაკუთრებული სიყვარულით და სითბოთი შემხვდა. იქ ყოფნის განმავლობაში არც ერთი წამით მიგრძვნია თავი უცხოდ და მარტოდ.
მიუხედავად იმისა, რომ დიდი ფოტოგრაფიული შესაძლებლობებით არ გამოვირჩევი, მაინც მინდოდა, როგორც ფოტო-ამბავი ეს შთაბეჭდილებები თქვენთვის გამეზიარებინა.


28.10.2018

ლექციის შემდგომ ერთმა მამაკაცმა ფისგარმონის დაკვრა დაიწყო, მეორემ კი - მრიდანგასი. ეს საკრავები მანამდე არასდროს მინახავს. რამდენიმე მათგანი კარატალებს აწკრიალებდა ან ტაშს უკრავდა.
ჩემმა კომპანიონმა ამიხსნა, რომ ტაშის დაკვრით გონებიდან არასასურველ ფიქრებს მოვიშორებდი.
ფისგარმონთან მჯდომი მღეროდა და ჩვენ ვიმეორებდით: „ჰარე კრიშნა, ჰარე კრიშნა, კრიშნა,კრიშნა, ჰარე, ჰარე, ჰარე რამა, ჰარე რამა, რამა, რამა, ჰარე, ჰარე". ლოცვის შემდგომ მათ შეასრულეს "ჰარე კრიშნა მაჰამანტრას" საგალობელი.

წიგნები ვედური ფილოსოფიის შესახებ
ბჰაგავად გიტა და შრიმადბ ჰაგავატამი ვაიშნავების მთავარ წმინდა წერილებს წარმოადგენს.


დღის ბოლოს ნაკურთხი საჭმლით, პრასადით გაგვიმასპინძლდნენ. პრასადი ბრინჯის, ბოსტნეულის სალათისა და ტკბილეულისგან შემდგარი ვეგეტარიანული კერძია, რომელიც ყოველკვირეული ლოცვის შემდეგ მზადდება.




ისტორიული მონახაზი
ისტორიულ ქრონიკებს თუ გავყვებით, "კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოება" 1965 წელს ნიუ–იორკში დაფუძნდა. ეს რელიგიური მოძრაობა დღეისათვის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობს. საქართველოში იგი სუხუმიდან გავრცელდა. ინიციატორი ოთარ ნაჭყებია იყო, რომელსაც 1980-იან წლებში ინდუისტური სამლოცველო საკუთარ სახლში ჰქონდა მოწყობილი. 1986 წელს მისივე თაოსნობით ჩამოყალიბდა „ვედური კულტურის ცენტრი", როგორც ტაძარი და აშრამი, ანუ საცხოვრებელი ამ მიმდინარეობის წევრებისთვის.

1990–2000-იანი წლებს დასაწყისში ვაიშნავები დომინანტი რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლებისა და მიმდევრებისგან ხშირად განიცდიდნენ დისკრიმინაციას. მათ თავს ესხმოდნენ, დევნიდნენ და ლიტერატურას უნადგურებდნენ. თუმცა ბოლო წლების განმავლობაში მსგავსი ფაქტები აღარ ხდება. ვაიშნავები საჯარო სივრცეშიც ნაკლებად ჩანან. თბილისში დაახლოებით 200-მდე ვაიშნავი ცხოვრობს.




This site was made on Tilda — a website builder that helps to create a website without any code
Create a website